
ჩემი სარკმლიდან ხელისგულივით მოჩანს ჩვენი ეზო. მოჩანს, ამ ზამთრის პირველ თოვლს როგორ მოუფენია მიდამო თეთრად... და ჩანხარ შენც... როგორც ვხვდები, მანქანა გაგიფუჭდა. რამდენი ხანია, უკირკიტებ მის ნაწილებს და არაფერი გამოგდის. უცებ, ჩემი ფანჯრისკენ იხედები, სახეზე არაფერი გეტყობა, მხოლოდ თვალებით იღიმი თითქოს... შემდეგ ისევ შენს საქმეს აგრძელებ...
მე კი ვერ ვუძლებ ამ ღიმილს, გულაჩქარებული მოვრბივარ შემოსასვლელ კართან, პალტოს ვიცვამ, არ ხელთათმანებს ვივიწყებ და ეზოში მოვიჩქარი... პირდაპირ შენთან.
"დაანებე ამ მანქანას თავი და წამოდი რა, გავისეირნოთ. შეხედე, რა ლამაზად თოვს! შენ კიდევ ჩაყურებ აქ ნაწილებს. ამის მეტი არაფერი არსებობს შენთვის?"
"კი, – შენ", მეუბნები და ისე მიღიმი, დედამიწა ტრიალს წყვეტს, დანარჩენი მთელი სამყარო კი – არსებობას. შენი ღიმილისგან გათიშული როგორღაც გონს მოვდივარ, ღრმად ვისუნთქავ გაყინულ ჰაერს და ისეთი მუდარის თვალით შემოგყურებ, რომელსაც, როგორც ჩანს, შენც ვეღარ ეწინააღმდეგები, რადგან მანქანას კეტავ, გასაღებს ჯიბეში იგდებ, ხელს მსუბუქად მხვევ მხრებზე და სასეირნოდ მომყვები.
დავდივართ ასე ჩუმად, თოვლისაგან ისედაც მიყუჩებულ ქუჩებში და როცა დროდადრო თავს აბრუნებ და თვალებში მიწყებ ყურებას, დედამიწა ისევ ჩერდება და ჩვენს გარდა ისევ წყვეტს არსებობას მთელი სამყარო.
როგორც ყოველთვის, როცა ლაპარაკის დაწყება მინდა, ახლაც ვფიქრობ, რა გითხრა თავიდან. ამიტომ მექანიკურად გეკითხები, რამე სერიოზული თუ სჭირს შენს მანქანას. ღმერთია მოწამე, ნამდვილად არ მაინტერესებს ამაზე პასუხი. შენ კვლავ გეღიმება. მშვენივრად იცი, მანქანები არ მაინტერესებს, მაგრამ რაღაცას მაინც მპასუხობ და ჩემთვის ესეც საკმარისია, რომ შენი ხმის გაგონებაზე სამყარომ ამჟამად არა მარტო შეწყვიტოს ბრუნვა, არამედ უკუ მიმართულებით იწყოს ტრიალი.
"გინდა ვიგუნდავოთ?" მეკითხები და როდესაც ჩემს ანთებულ თვალებს ხედავ, უსიტყვოდ გესმის ჩემი. გესმის, რომ საგუნდაოდ კი არა, შენთან ერთად ცეცხლშიც კი გავივლი. ამას განა კითხვა უნდა?
გუნდაობისა და სიცილისაგან დაღლილები ერთი ხის ქვეშ ვწვებით და ანგელოზებს ვხატავთ ჩვენი ხელებისა და ფეხების მოძრაობით. ჩემსკენ ბრუნდები და შენი გამოხედვისაგან ჯერ პულსიც არ მაქვს ნორმაში ჩამდგარი, რომ უეცრად, – და პირველად, – მეუბნები რომ გიყვარვარ!
ახლა უკვე ჩემი გულიც წყვეტს ფეთქვას...
და თიტქოს ეგ არ მეყოფოდა, ზედ შენს ამ სულისშემხუთველ ღიმილსაც უმატებ.
და არ ვიცი, რა უნდა გიპასუხო, უბრალოდ გეუბნები, რომ ამ შენი ღიმილით ვცხოვრობ დღიდან დღემდე და რომ მინდა, სულ იღიმო. მერე დაბნეული, ისევ მანქანაზე გიწყებ რაღაცის ლაპარაკს. შენ თვალებში მაშტერდები ისევ ღიმილით, რომელიც უსიტყვოდ მეუბნება, რომ მშვენივრად იცი, სინამდვილეში სულაც არ მინდა მანქანაზე ლაპარაკი. იცი, რომ ეს უბრალოდ დავიბენი და ვერ მოვახერხე სხვა რამე მეთქვა. უსიტყვოდ გესმის ჩემი, რომ მინდოდა მეპასუხა "მეც მიყვარხართქო", მაგრამ გავწითლდი და ვეღარ გითხარი. ან კი რა საჭიროა ჩვენს შორის რამის თქმა? ხანდახან ხომ სიტყვები უფრო აფუჭებენ სათქმელს... სწორედ ამიტომ უფრო ფართოდ მიღიმი. ღმერთო, ეს ღიმილი მთელი საუკუნე მეყოფა, თუდაც გვერდით არ მყავდე. თალებში გიყურებ და იმედი მაქვს, ჩემი გული ისევ დაიწყებს ფეთქვას.
...
ჩემი სარკმლიდან ხელისგულივით მოჩანს ჩვენი ეზო. მოჩანს, ამ ზამთრის პირველ თოვლს როგორ მოუფენია მიდამო თეთრად... და ჩანხარ შენც... როგორც ვხვდები, მანქანა გაგიფუჭდა. რამდენი ხანია, უკირკიტებ მის ნაწილებს და არაფერი გამოგდის. უცებ, ჩემი ფანჯრისკენ იხედები, სახეზე არაფერი გეტყობა, მხოლოდ თვალებით იღიმი თითქოს... შემდეგ ისევ შენს საქმეს აგრძელებ...
"მოდი, თორემ ჩაი გაგიცივდა", მესმის დედაჩემის ხმა. ფანჯარას ზურგს ვაქცევ, მაგიდასთან ვჯდები და ვფიქრობ, რომ ეს ღიმილი მომეჩვენა ალბათ, თორემ შენ ხომ სინამდვილეში ჩემი სახელიც კი არ იცი...
ან იქნებ არც მომეჩვენა?.. ვინ იცის, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო.
